დღის თემა
etaloni.ge
„ბაღებში ბავშვების ჩარიცხვის მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული“ - კახა კალაძე
19.07.2023

2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს, - აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 19 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე

კალაძის ინფორმაციით, თბილისში რეგისტრირებული ბავშვების მოთხოვნა სრულად იქნება დაკმაყოფილებული. 

„განხორციელებულმა პროცესებმა უზრუნველყო რეგისტრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვა. წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას. აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. დარეგისტრირდა 2 621 აღსაზრდელი და მოთხოვნა სრულად არის დაკმაყოფილებული. 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიც მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ. აღნიშნული ეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებულია 5 ათასამდე აღსაზრდელი.

თბილისში რეგისტრირებული ბავშვების მოთხოვნაც ასევე სრულად იქნება დაკმაყოფილებული. 25 ივლისიდან კი დაიწყება მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7 500-მდე თავისუფალ ადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისის საჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს - როგორც საქართველოს მოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს“, - ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ საბავშო ბაღები, რომლებიც ახლა შენდება ან რეაბილიტაცია უტარდება, სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

„ზოგადად მინდა გითხრათ ჩვენი დამოკიდებულება ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ, მიმდინარეობს ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა... მიმდინარეობს ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები იმ კონკრეტული ბაღებისა, რომლებიც ამას საჭიროებდა და თქვენ იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტები რაც არის, მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ დამოკიდებულებას, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს და მომავალ თაობებს“, - თქვა დედაქალაქის მერმა. 

იხილეთ ასევე:

საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ საიტზე ვერ შედიხართ

„სანერვიულო არაფერია“, - ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი მშობლებს ყველა ბავშვის ჩარიცხვას ჰპირდება

 

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი