ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, 17 ივლისს, წალენჯიხის საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული 19 თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, - აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გაავრცელა.
კობახიძის ინფორმაციით, სასამართლომ 2022 წლის სექტემბერში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამივე მოთხოვნა დააკმაყოფილა: გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, დასაქმებულთა აღდგენა სამსახურში და სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრს მოუწევს. საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა ინტერესებს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურიდიული დეპარტამენტი იცავდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ადვოკატმა, პეტრე წურწუმიამ, საბავშვო ბაღების თანამშრომლების გათავისუფლებების მიზეზად რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია და პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა.
საბავშვო ბაღების პერსონალის დამცველი უწყება კი აღნიშნავდა, რომ მუნიციპალიტეტს არანაირი სასწრაფო აუცილებლობა არ ჰქონდა რეორგანიზაციის განსახორციელებლად, მით უმეტეს, ბავშვებისათვის საჭირო მომსახურეობის უგულებელყოფით, რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობა იყო და აღმზრდელთა თანაშემწეებს შეთავსებული ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციები - დამლაგებლის, ძიძის, მრეცხავის და ა.შ.სასამართლო სხდომების განმავლობაში კი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრი თავადვე აღიარებდა ბაგა-ბაღებში ადამიანური რესურსის სერიოზულ ნაკლებობაზე, კადრების საჭიროებაზე ბაღების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
„სრული ნონსენსია მოპასუხის განმარტებები გაშვებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, ვინაიდან მოსარჩელეები მრავალი წელი პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ არათუ საკუთარ მოვალეობებს, არამედ მზარეულის თანაშემწის, დამლაგებლის, დარაჯის, ცეცხლფარეშისა და აღსაზრდელებისათვის საჭირო ყველა ფუნქციას.
სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო გაშვებული თანამშრომლების საუკეთესო დახასიათებები საბავშვო ბაღების გამგეების მხრიდან. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, თუ რატომ გაუშვეს მაინცდამაინც ეს თანამშრომლები. რეალური პასუხი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი გია ხარჩილავას 2022 წლის ინტერვიუებში მოიძებნება, როდესაც იგი გათავისუფლებულ აღმზრდელთა თანაშემწეებს ,,ქართული ოცნების“ პარტაქტივს უწოდებს.
მოსარჩელის წარმომადგენელმა, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტმა, სასამართლო სხდომაზე, ასევე განაცხადა, რომ თანხების მობილიზება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები ულუფის გაუმჯობესებისათვის, რასაც საჯარო განცხადებებით ასახელებდა მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა, არ უნდა მოხდეს გათავისუფლებული თანამშრომლების ხარჯზე და ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი, რადგან მათაც ჰყავთ სახლში შვილები, ასაკიანი მშობლები, რაც მთავარია, თავად აქვთ ღირსეულად ცხოვრების უფლება და არ შეიძლება შეილახოს მათი კანონიერი ინტერესი, რამდენჯერაც გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი რაიმეს გაუმჯობესებას. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც მაგალითისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც დადგება დღის წესრიგში? კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩება უსამსახუროდ?
მოპასუხის ადვოკატმა პეტრე წურწუმიამ ისაუბრა მეტწილად ფინანსურ პრობლემებზე, თუმცა არცერთი პასუხი არ წარმოუდგენია შემდეგ საკითხებზე: 2022 წელს რატომ არ დაიგეგმა ბიუჯეტი ისე, რომ მომხდარიყო ყველა საჭიროების გათვალისწინება? რატომ განხორციელდა სასწრაფო რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში? რა პრინციპით შეირჩნენ გათავისუფლებული თანამშრომლები? როგორ წარიმართება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი ბავშვთა ჰიგიენური ნორმებისა და ბავშვთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო პერსონალის გარეშე? თუ ბავშვთა კვების გაუმჯობესება იყო პრიორიტეტი, რატომ არ მოიძია დამატებითი სახრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრისათვის მაშინ, როდესაც, თითქოს და სხვა რამის გაუმჯობესებას ეწირება სამსახური და შემოსავალი ადამიანებისა, რომელთა უკან ოჯახებია? გათავისუფლებულთა კანონიერი ინტერესები შეილახა 1 გაზქურის და ერთი ბაღის გაზიფიკაციის სანაცვლოდ? თუ იმ სათამაშოებისათვის, რაც რეალურად არც კი შეუტანიათ საბავშვო ბაღებში?“, - აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მართავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2022-2023 სასწავლო-სააღმზრდელო წლის მონაცემებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სააღმზრდელო პროცესს, ოქტომბრის მონაცემებით, 971 ბავშვი გადიოდა. აღმზრდელებისა და აღმზრდელების თანაშემწეების რაოდენობა კი 112 გახლდათ.
იხილეთ ასევე:
ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 15-დან 12 თანამშრომელი უჩიოდა, სასამართლომ გაამართლა
„ბაღში უხეშად ირღვევა ბავშვების განვითარების, სწავლის და ყველა ის უფლება, რისთვისაც იქ დადიან“ - აღსაზრდელების მშობლებმა პეტიცია შეადგინეს