დღის თემა
etaloni.ge
თელავის ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად ინოვაციური წიგნი გადაეცათ - „მისი დახმარებით ბავშვებისთვის ზაფხული საინტერესო და შემეცნებითი იქნება“
17.07.2023

თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელები სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს, თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში შეიკრიბნენ, სადაც მათ ქალაქის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და „ეტალონის“ დამფუძნებელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა საჩუქრად წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცეს.

„პროექტი „ეტალონია“ სტუმრად თელავში, რომელმაც მოამზადა არაჩვეულებრივი წიგნი-სახელმძღვანელო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელთათვის, რომლებიც სექტემბერში უკვე სკოლაში უნდა წავიდნენ და ეს ზაფხული, რომელიც წინ არის, ძალიან საინტერესოდ და შემეცნებითად შეუძლიათ გამოიყენონ მშობლებმა და ბავშვებმა“, - თქვა ღონისძიებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა.

ინოვაციური წიგნი-რვეულის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა კი ერეკლე მეფის სასახლის ეზოში აღნიშნა, რომ თელავში ეს პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება.

„ამ ნოვაციას შარშან ჩაეყარა საფუძველი და გაამართლა. ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, ერთი შვიდი წელი დაგვჭირდა და დავიწყეთ თანამოაზრეების ძიება. ერთ-ერთი მძლავრი თანამოაზრე აღმოჩნდა თელავი, მერია, ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალაქის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მაშინვე აიტაცა... ის ბავშვები, ვისაც შარშან დაურიგდა, მომზადებულები წავიდნენ სკოლაში, მათ შორის, აზერბაიჯანულენოვანი ოჯახებიც კი და წელს მეორედ განხორციელდა ეს პროექტი“, - ამბობს გოჩა ტყეშელაშვილი.

„პირველკლასელთა აკადემიის“ დახმარებით, „მასწავლებლობანას“ თამაშით და ოჯახის აქტიური ჩართულობით, ბავშვები მარტივი მეთოდებით ჯერ ხმოვნებს შეისწავლიან და მერე, თანდათანობით, სრულ ანბანზე გადავლენ. სახელმძღვანელოში ამ ასაკისთვის შესაბამისი საინტერესო ზღაპრები, მოთხრობები და სხვა ბევრი საინტერესო დეტალია მოცემული, რაც პატარებს შემეცნების განვითარებაში და სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი