დღის თემა
etaloni.ge
„სანერვიულო არაფერია“, - ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი მშობლებს ყველა ბავშვის ჩარიცხვას ჰპირდება
12.07.2023

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველ დღეს, 10 ივლისს,  2 000-ზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა.

მოგეხსენებათ, რეგისტრაციის პირველი ეტაპზე, რომელიც 16 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს, რეგისტრაციას მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები გადიან. ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები ან ნაშვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით; თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვებისთვის 16 ათასზე მეტი ადგილია გამოყოფილი.  

„ადგილები საკმარისია იმისთვის, რომ სრულად დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა საჯარო ბაღებისადმი. შევქმენით ბევრი მხარდამჭერი მექანიზმი. გვაქვს ცხელი ხაზი, გვყავს საკონსულტაციო ჯგუფი... გარდა ამისა, თუ მშობელი ვერ მოახერხებს ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია მიმართოს სასურველ საჯარო ბაღს. ანუ ყველა მექანიზმი გვაქვს მშობლების მხარდაჭერისა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა მშობლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და ყველა ბავშვი მივიღოთ, ვისაც სექტემბრისთვის უსრულდება 2 წელი. სწორედ ამას ემსახურება რეგისტრაციის ეტაპები და ყველა ის ნაბიჯი, რაც აქამდე გადავდგით - რეგისტრაციის ცვლილებები, ყველა დამხმარე მექანიზმი და სწორედ ეს სამეტაპიანი სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ საბავშვო ბაღები ყველა ბავშვს დაიტევენ და სანერვიულო არაფერი აქვთ:

„მინდა მივმართო მშობლებს. ვიცი, რომ გარკვეულწილად ნერვიულობენ ამ საკითხზე. სანერვიულო არაფერია, ადგილებიც საკმარისი გვაქვს, გარდა ამისა, ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს და გაზაფხულამდე 2 000 ადგილს დავამატებთ... მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის ექვს რაიონში. სექტემბერში 3 ახალი საბავშვო ბაღი შემოგვემატება. წლის ბოლომდე კი 9 ახალი ბაღი ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში... ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა უბანში იყოს ხელმისაწვდომი თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო საბავშვო ბაღი და ყველა ბავშვის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“.

იხილეთ ასევე:

„ყველა ბაღში გვყავს 5 ადამიანისგან შემდგარი გუნდი, რომელთა ვალდებულებაა მოამზადონ ინდივიდუალური გეგმა“ - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი

რა უნდა ჩაწეროთ სარეგისტრაციო ფორმაში და ვინ როდის შეძლებს ბავშვის ბაღში დარეგისტრირებას - ყველა დეტალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი